საქართველოს ელჩი ლატვიის საეიმას წარმომადგენელს შეხვდა

31.01.2020 ლატვია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ლატვიის საეიმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რიჰარდს კოლსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ლატვიას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს და თავმჯდომარეობის დროს დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა, რომ ლატვია და საქართველო გააგრძელებენ ევროპული დემოკრატიის ფასეულობების და ღირებულებების დასაცავად ბრძოლას, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. რიჰარდს კოლსის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურდა ლატვიის სრული მხარდაჭერა და ჩართულობა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას და მის უკანონო ქმედებებს.