საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ქ.კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა

მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით.

მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანა მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის    პროცესი.  ასევე, გაცვალეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

მოლდოვას პრეზიდენტმა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნეს ორი ქვეყნის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობა  ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მიზნისკენ სავალ გზაზე. ამ მხრივ, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას სამომავლო მიზნების ეფექტიანი აღსრულებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრის მოლდოვაში გამართვის გადაწყვეტილებას და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში გამწვავებულ უსაფრთხოების გარემოს. 

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს; მათ  აღნიშნეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით და ორი ქვეყნის მთავრობისა და ხალხის ნება, რომ   მჭიდრო პარტნიორობა შემდგომშიც გაგრძელდეს.