საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს.

მხარეებმა საუბრისას განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ელჩ ფილიპ რიკერის დანიშვნას კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აშშ-ის წარმომადგენლის თანამდებობაზე და აღნიშნა, რომ მისი ჩართულობა ახალ სტიმულს შესძენს როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.

მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე და გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიმართულებით.

მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის.