საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ვიზიტით ესპანეთსა და საფრანგეთში იმყოფებოდა

6.12.2017 - ​1-4  დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ესპანეთის სამეფოს ვიზიტით ეწვია, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით ქართული კულტურის დღეების ფესტივალს დაესწრო. ღონისძიება ქალაქ ალიკანტეში ქართული დიასპორული ორგანიზაციის -  „ქართველ ემიგრანტთა ასოციაცია“ ეგიდით გაიმართა. 

ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ და ქ. ალიკანტეს მერიის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, გლორია ვარა ხინესმა, სადაც საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხს გაესვა ხაზი.

ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის, მინერალური წყლების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქ. ალიკანტეში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლი „ივერია“ და ქ. ბარსელონაში არსებული ცეკვის ანსამბლი „საქართველო ქართული ცეკვებით წარსდგნენ.  

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ქართული კინოფილმის პრეზენტაცია; სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

აღსანიშნავია, რომ ალიკანტეს უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. უნივერსიტეტს ქართული წიგნები და ქართველი სკულპტორის, ქეთი მელქაძის მიერ შექმნილი სერვანტესის სკულპტურა გადაეცა, რაც უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საექსპოზიციო  დარბაზს დაამშვენებს.

ზვიად გონაძემ შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან მანუელ პალომართან, რომელმაც ქართულ დელეგაციას აღუთქვა სრული მხარდაჭერა ქართველი სტუდენტების მიმართ. შეხვედრაზე განხილულ იქნა ალიკანტეს უნივერსიტეტსა და წამყვან ქართულ უნივერსიტეტებს თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ალიკანტეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შორის კავშირების მნიშვნელობას.

ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქ. ალიკანტეს მერთან, გაბრიელ ეჩევარასთან. მერმა ქ. ალიკანტეში ქართული დიასპორის სრული მხარდაჭერა გამოხატა.

5-6 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევილის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გონაძე საფრანგეთს, დაბა ლევილს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა ასოციაცია „ქართული კერას“ წარმომადგენლებთან, ხოლო საქართველოს საელჩოში პარიზში არქიტექტურულ-სამშენებლო საკონსულტაციო საზედამხედველო ფრანგულ კომპანია „Scoping“-თან. შეხვედრებზე განხილულ იქნება ლევილის მამულის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები. არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიას ეთხოვა კონცეპტუალური პროექტის  წარმოდგენა 2018 წლის 30 იანვრისთვის, რის შემდეგაც ლევილის მმართველი საბჭო შესაბამის ექსპერტებთან ერთად განიხილავს წარმოდგენილ პროექტს.

ზვიად გონაძემ ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ახალი შენობა დაათვალიერა, შენობაში საგამოფენო მცირე დარბაზი და ბიბლიოთეკა მოეწყობა; იგეგმება ქართული საკვირაო სკოლის გახსნა.  საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ გამართა შეხვედრები ქ. სტრასბურში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე თანამემამულეებმა ისაუბრეს ქართული დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.