საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ერაყის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულთან ომარ სემი მოჰამედთან

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების და თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების, ასევე სამართლებრივი ბაზის განმტკიცების მნიშვნელობას.

შეხვედრისას ასევე განხილული იყო ერაყის რესპუბლიკაში და რეგიონში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მდგომარეობა და  ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.  

აღინიშნა, რომ აუცილებელია შესაბამისი ინფორმაციის სწრაფი ურთიერთგაცვლა, რათა კოორდინირებულად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია.