საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში გამართულ ბიზნეს ფორუმში

12.07.2018 პოლონეთი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმში, რომელიც გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით და კომპანია IBCCS Georgia-ს და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

გახსნით ნაწილში სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბიზნეს გარემოზე, ასევე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე.  გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნის, როგორც ბიზნესის წარმოების რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარტოშ ჩიხოცკი, პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი, პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ანდჟეი არენდარსკი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი გიორგი ჭუმბურიძე.

ფორუმზე, გაიმართა თემატური პანელები, სადაც პრეზენტაციები წარმოადგინეს „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საპარტნიორო ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და სხვადასხვა ქართული და პოლონური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პოლონურ-ქართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ასევე გაიმართა B2B შეხვედრები, სადაც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ქართულმა და პოლონურმა კომპანიებმა.

ღონისძიებას დაესწრო 300-მდე სტუმარი, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნეს წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.