საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

25.06.2020 ქ. თბილისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან.

მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული თემები, ასევე, საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები. 

ელჩმა მაღალი შეფასება მისცა ვირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ მიმართულ ძალისხმევასა და გატარებულ ზომებს.

გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება მხარეებს შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება.

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას დაეთმო. განხილულ იქნა რამდენიმე ღონისძიება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ქართულ ბაზარზე მეტი იაპონური ბიზნესის შემოსვლას.
 
საუბარი, ასევე, წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და კმაყოფილებით აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული დადებითი დინამიკა.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე.