საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იაპონიის ელჩთან

03.08.2018 ქ.თბილისი - იაპონური მხარის ინიციატივით შედგა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ტადაჰარუ უეჰარას შეხვედრა საქართველოს ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

იაპონიის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ,  დავით ზალკალიანმა იაპონურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.  
 
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მზარდი დინამიკა, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში.  

საუბარი შეეხო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და მისი გაღრმავების პერსპექტივებს.  ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს და იაპონიას შორის ორმხრივი საინვეტიციო ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

მინისტრმა იაპონიის ელჩს გააცნო საქართველოს ახალი მთავრობის მუშაობის პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა სოციალური სფეროსა და განათლების სისტემის რეფორმაზე. აღინიშნა ამ მიმართულებით იაპონიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და  შესაძლებლობები.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მახრეს საქართველოს სტაბილური განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა, საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში იაპონიის მონაწილეობის მაღალი მნიშვნელობა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების წარმოჩენას და რეგიონში საქართველოს საკვანძო როლის ზრდას.     
          
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ხელშეწყობის საკითხებზე.