საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს ელჩთან

09.07.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩთან მარტინა ქუიქთან.

შეხვედრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას პოლიტიკის, თავდაცვის, სამართალდაცვით, განათლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში, ასევე, თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა მარტინა ქუიქს შვედეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.

თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა აღნიშნა, რომ შვედეთი ყოველთვის დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ უწყებებთან დაახლოების მხარდამჭერი. ის მოხარულია, რომ საქართველოში მისი მოღვაწეობის პერიოდში, ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა, რასაც თავისთავად შეუწყო ხელი განხორციელებულმა ორმხრივმა ვიზიტებმა. ხაზგასმით აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის. ასევე, გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და არსებული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას. მარტინა ქუიქმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში მოღვაწეობა და ის ყოველთვის იქნება ქვეყნის გულშემატკივარი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედ დიპლომატს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.