საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ან რწმენის ალიანსის (IRFBA) მინისტრების ფორუმში

2020 წლის 17 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ან რწმენის ალიანსის (International Religious Freedom or Belief Allaince, IRFBA) წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმში.

აშშ-ის მხარისა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ინიციატივით 2020 წლის თებერვალში დაფუძნებული ალიანსის პირველი შეხვედრა მინისტრების დონეზე დღეს ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამოსვლით გაიხსნა და მას აშშ-ის საგანგებო დავალებათა ელჩი რელიგიის თავისუფლების საკითხებში და ალიანსის თავმჯდომარე სემუელ ბრაუნბეკი უძღვებოდა. შეხვედრის  მონაწილეებმა მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები და ალიანსის სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.

ალიანსის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

ჯერ კიდევ ალიანსის დაფუძნების ცერემონიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტები და რელიგიური ძეგლების მდგომარეობის კუთხით არსებული უკიდურესად რთული ვითარება საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა. ალიანსის ფარგლებში ქართული მხარის ძალისხმევის ერთ-ერთ მიმართულებად სწორედ კონფლიქტურ ზონებსა და უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სალოცავი ადგილებისა და რელიგიური ძეგლების  დაცვის ხელშეწყობა განისაზღვრა.

დღეს გამართულ ფორუმზე დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიური უფლებების დარღვევის, მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმების მიერ ქართული მართლმადიდებლური რელიგიური ძეგლების დაზიანების ფაქტებზე. აღინიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმები საერთაშორისო ექსპერტებს საშუალებას არ აძლევენ ადგილზე გაეცნონ რელიგიური ძეგლების დაზიანების ხარისხს და გამოავლინონ მათი აღდგენისათვის საჭირო ზომები. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობას.  

საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ალიანსის დაფუძნების ცერემონია 2020 წლის 5 თებერვალს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა. ალიანსი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა და იგი მსგავსი ხედვების მქონე წევრი ქვეყნების გაერთიანებაა, რომლის მიზანია მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების განმტკიცება. სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში.