საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე იმსჯელეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართული ღონისძიების -  „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" ფარგლებში, ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე თემატური პანელი გაიმართა.
 
 
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
 
 
სესიის ფარგლებში, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.
 
 
საპატიო კონსულები გაეცნენ საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.  
 
 
ასევე,სესიის ფარგლებში აღინიშნა საპატიო კონსულების როლი საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.
 
 
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების,ისევე როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
 
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში.
 
 
აღსანიშნავია,რომ პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 
 
 
ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელებზე, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკისა და კულტურული დიპლომატიის საკითხები.