საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

12.12.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ბულგარეთის ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს ორ ქვეყანას შორის გასულ პერიოდში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და განხორციელებული ორმხრივი ვიზიტები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, მათ შორის განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გზით.

შეხვედრაზე საუბარი დაეთმო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ბულგარეთის პრიორიტეტებს (2018 წლის პირველი იანვრიდან ბულგარეთი მომდევნო ექვსი თვის ვადით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა). შეხვედრაზე ბულგარეთის ელჩმა დაადასტურა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“  ბულგარეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად რჩება. მან ხაზი გაუსვა ბულგარეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანისადმი.

საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების კონტექსტში მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის მიმართულებები. შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბულგარეთის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში.