საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

27.02.2020 ქ. თბილისი - საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ავსტრიის მხრიდან - ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების სექციის გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი.

მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ განზომილებებში. ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის მაღალი დონის ვიზიტებისა და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. აღინიშნა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში ბოლო დროს გამართული მაღალი დონის შეხვედრების შესახებ, რომლებმაც ახალი იმპულსი შესძინეს ორმხრივ ურთიერთობებს.
ისტორიულ კავშირებზე საუბრისას, დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის, ავსტრიელი მწერლისა და პაციფისტის ბერტა ფონ ზუტნერის განსაკუთრებულ წვლილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში.
შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ავსტრიის მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM), რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია კონფლიქტის ზონაში ვითარების მონიტორინგის კუთხით.
ალექსანდერ მარშიკმა ყურადღება გაამახვილა განვითარების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დახმარების პროგრამებში საქართველოს საკმაოდ მსხვილი პორტფელი უჭირავს. ავსტრიელმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრიორიტეტულობას სამომავლოდ, დახმარების პროგრამების შემუშავების პროცესში. მინისტრის მოადგილე მიესალმა ავსტრიული მხარის აქტიურ ჩართულობას ევროკავშირის twinning-ის პროექტებში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას, მის ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას და ევროკავშირთან დაახლოების პროცესს.  
კონსულტაციების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური მიმართულების შემდგომი გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობაზე. ქართული მხარე მიესალმა აქტიურ ბიზნეს კონტაქტებს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის, რაც გამოიხატა გასულ წელს განხორციელებული რამდენიმე სავაჭრო მისიის საქართველოში ვიზიტით. ასევე, ხაზი გაესვა ავსტრიული კომპანიების წარმატებულ ოპერირებას ქართულ ბაზარზე და ავსტრიელი ტურისტების მზარდ დინამიკას, რაც საქართველოს, როგორც საინვესტიციო და ტურისტული მიმართულების პოპულარობაზე მიუთითებს.
დარგობრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვის საკითხებს და ავსტრიული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე, განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთობებს.
საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის პარალელურად, მხარეებმა მიმოიხილეს მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებული ინტერაქცია, ასევე კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.
კონსულტაციების ფარგლებში, ასევე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ევროკავშირის მხრიდან დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობას.
მინისტრის მოადგილემ ავსტრიულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებებისა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას.
შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციები და რეგიონში არსებული ვითარება. იმსჯელეს უსაფრთხოების საერთო გამოწვევების წინააღმდეგ კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. 
ორივე ქვეყნის დელეგაციამ დააფიქსირა მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ავსტრიას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდერ მარშიკი საქართველოს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში სტუმრობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ADA-ს წარმომადგენლები. ამბასადორიალის მონაწილეები, EUMM-ის მისიასთან ერთად, მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს ხურვალეთში.