საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შუალედური ონლაინ შეხვედრა გაიმართა

3 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისს (FCO) შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შუალედური რაუნდი გაიმართა, რომელიც, ტრადიციულად, მიზნად ისახავს წლის მთავარი, პლენარული სხდომის მომზადებას. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ბრიტანეთის მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის ოფისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დამატებით დირექტორი ბილალ ზაჰიდი. ონლაინ შეხვედრა გაიმართა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს აქტიური ჩართულობით. 

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების ფართო სპექტრს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მინისტერიალის დროს, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში, „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ გაფორმების მნიშვნელობას და შემდეგი იმპლემენტაციის აქტუალობას.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს დიალოგის ოთხივე განზომილების  ფარგლებში არსებული მიმდინარე საკითხები, გაცვალეს პოზიციები ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიურ დღის წესრიგთან დაკავშირებით და შეჯერდნენ იმ საკვანძო თემებზე, რომლებიც 2020 წლის სექტემბერში, დიალოგის მეშვიდე რაუნდის დღის წესრიგში აისახება. 

ამასთან, ბრიტანულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ, COVID-19-ის წინააღმდეგ  მიმართულ ძალისხმევას და გატარებულ ზომებს. თავის მხრივ, ქართული მხარე მიესალმა გაერთიანებული სამეფოს წამყვან როლს მსოფლიოში ვაქცინის შემუშავების პროცესში. 

პოსტ-პანდემიურ პერიოდში ქვეყნების გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას, ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო ემზადება 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მასპინძლობისთვის, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.