საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის და საგანმანათლებლო სფეროში ხელმოწერილი შეთანხმება ქვეყნებს შორის აღნიშნულ სფეროებში მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ქ. ბერლინში ხელი მოაწერეს, საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია და  მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო  სფეროებსა  და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. 
შეთანხმებაში ხაზგასმულია ქართველი და გერმანელი  ხალხის მიერ მსოფლიოს საერთო კულტურული მემკვიდრეობისთვის გაწეული ისტორიულ წვლილი და აღნიშნულია, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ მდიდარი კულტურის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და ცნობადობის ამაღლებას,
მათ შორის კულტურული პროექტების, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სახელოვნებო, სამეცნიერო და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენელთა კიდევ უფრო დაახლოებას და ა.შ.
მემორანდუმი ასევე მოიცავს საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას, სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სფეროში, ასევე საექსპერტო და აკადემიური წრეების დაახლოებას, სტუდენტური პროგრამების გაცვლას, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გახსნას ქართველი სტუდენტებისთვის და ა.შ. ორი ქვეყნის ენების შესწავლის დამატებით შესაძლებლობებს და მათ შორის გერმანული საერთაშორისო სასკოლო ატესტატის მქონე აბიტურიენტებისთვის გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს.
 
შეთანხმება ასევე გულისხმობს მხარდაჭერას გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის და მათთვის დამატებით შესაძლებლობებს თავიანთი ენის, კულტურის, ტრადიციების და თვითმყოფადობის  შენარჩუნების თვალსაზრისით.
 
მხარეების შორის ხელმოწერილი კომპლექსური  დოკუმენტი ასევე მოიცავს თანამშრომლობას ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით.  ასევე საგამომცემლო საქმიანობაში თანამშრომლობას, საბიბლიოთეკო სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას.  განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი სამეცნიერო სფეროში მდიდარი პოტენციალის გაცვლასა და აკადემიური წრეების დაახლოებაზე. შეთანხმება ასევე გულისხმობს ერთობლივი აკადემიური ხარისხის გაცემაზე თანამშრომლობას. 
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობა  2013 წელს განახლდა.