საქართველოსა და შვეიცარიის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა

2020 წლის 7 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა სატელეფონო საუბრის ფორმატში მორიგი კონსულტაციები გამართა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტრო) სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან კრისტინა მარტი-ლანგთან. 
 
საუბრის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა იყო ისევე, როგორც გამოცდილების გაზიარება პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. მხარეები დაეთანხმნენ ერთმანეთს, რომ როგორც კორონავირუსის, ისე მისი გავრცელების მასშტაბით გამოწვეული შედეგების დაძლევა მხოლოდ სოლიდარობითა და ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ამ მიმართებაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოსათვის გაწეული დახმარებისთვის.
 
საუბრისას მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მათ შორის, ხაზი გაესვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველო-რუსეთს შორის მედიატორობის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის. 
 
მხარეებმა დაუდასტურეს ერთმანეთს მზაობა, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ კონტაქტს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მათ ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტებზე და გამოთქვეს წუხილი პანდემიის გამო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის გადადების გამო. თუმცა, იქვე, გამოთქვეს იმედი, რომ ვიზიტის განხორციელება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.
 
მხარეები დაინტერესდნენ ქვეყნებში ამჟამად არსებული ვითარებით და საგანგებო სიტუაციის შემსუბუქებისა სამოქმედო გეგმებით. ასევე, ერთმანეთს გააცნეს ქვეყნების მიერ შემუშავებული ანტი-კრიზისული ეკონომიკური გეგმები და მათ ფარგლებში მიმოიხილეს ის მიმართულებები, სადაც შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა. 
 
აღინიშნა, რომ სწორედ ეკონომიკური ურთიერთობების არა მხოლოდ ძველ ნიშნულზე დაბრუნება, არამედ მათი შემდგომი გაღრმავება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ სფეროებს, სადაც შვეიცარიას მდიდარი გამოცდილება გააჩნია, როგორიცაა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, პროფესიული დუალური განათლება და სხვ. ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველო უკვე განიხილავს ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის, უახლოეს პერიოდში ამუშავებას და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო კვლავაც იქნება ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანა შვეიცარიელი ვიზიტორებისთვის, ბოლო წლებში მათი მუდმივად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით.   
 
კრისტინა მარტი-ლანგის განცხადებით, შვეიცარიული კომპანიები, რომლებიც საქართველოში წლებია ნაყოფიერად მოღვაწეობენ, კვლავაც აქტიურად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. მხარეები მიესალმნენ ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების გამართვის ტრადიციას და იმედი გამოთქვეს, რომ მაისის ბოლოს შვეიცარიაში დაგეგმილი ქართულ-შვეიცარიული ბიზნეს-ფორუმი მართალია, ამჟამად, გადაიდო, თუმცა, ახლო მომავალში შედგება.