საქართველოში ესტონეთის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2020 წლის 13 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა.
 
შეხვედრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ისევე როგორც ძალიან აქტიური სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის. ხაზი გაესვა, რიგი მიმართულებებით, ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მზაობას.
 
მინისტრმა ელჩთან ასევე განიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ქართული მხარის მოლოდინებს ამ პროცესისგან. გარდა ამისა, მინისტრმა და ელჩმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემები.
 
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და წარმატება უსურვა საქართველოში მის შემდგომ საქმიანობაში.