საქართველოში კოლუმბიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

01.08.2018 ქ.თბილისი - საქართველოში კოლუმბიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართა საქართველოში კოლუმბიის საპატიო საკონსულოს დაფუძნების ცერემონია.

კოლუმბიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოში კოლუმბიის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციისთ ქ. სტამბოლი) ხუან ალფრედო პინტო საავედრამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.

საკუთარ გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კოლუმბიასთან არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც დიპლომატიური კავშირების 20 წელს ითვლის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთობას და შემდგომ დაახლოებას ხელს შეიწყობს საქართველოსა და კოლუმბიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, ასევე კოლუმბიის საპატიო საკონსულოს გახსნა საქართველოში, რაც ხალხთაშორისი ურთიერთობების გარდა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კულტურის, ეკონომიკის, განათლებისა და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო მიღების ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ეგზეკვატურის გადაცემის ცერემონია საქართველოში კოლუმბიის რესპუბლიკის საპატიო კონსულის, მერაბ ლომინაძესთვის.

კოლუმბიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგა მსოფლიოში პოპულარული სალსას მოცეკვავეთა ანსამბლი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია საქართველოს.