საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი არის გახსნილი - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი არის გახსნილი.  ამასთან, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანას შემუშავებული აქვს შესაბამისი რეგულაციები და აუცილებელია  ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი წესების და პროტოკოლების დამორჩილება.

შედეგად, მინისტრის განცხადებით,  ორ ქვეყანაში  - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და საბერძნეთის რესპუბლიკაში (ქ.თესალონიკში) - ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ იქნა დაშვებული  საარჩევნო უბნის გახსნა.

ზალკალიანის განცხადებით, ქ. თესალონიკში, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური ცნობით წითელ ზონად არის გამოცხადებული, მოქმედებს ე.წ.  სრული ლოქდაუნი, რის გამოც არ გაიცა  საარჩევნო უბნის გახსნის  ნებართვა.

„ბუნებრივია არავითარი პოლიტიკური სარჩული ქ. თესალონიკში საარჩევნო უბნის გაუქმებას არ ქონია, ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ გაიცა შესაბამისი ნებართვა. საერთაშორისო პროტოკოლით, ყოველ ჯერზე როდესაც საქართველო ატარებს სხვა სახელწიფოებში საარჩევნო პროცესს, ამის შესახებ ვაფრთხილებთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ვიღებთ მათ ნებართვას. ამ შემთხვევაში ბერძნული მხარის მიერ არ იქნა გაცემული ნებართვა”- აღნიშნა მინისტრმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დაკავშირებით კი მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო მიღებულ იქნა ოფიციალური შეტყობინება, რომ საარჩევნო უბნის გახსნის შესაძლებლობა არ იქნება.

„დანარჩენ ქვეყნებში, სადაც წინა წლებში არჩვენები ტარდებოდა,   საქართველოს მოქალაქეების უფლება - არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა - უზრუნველყოფილია“ - დასძინა ზალკალიანმა.