საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები ბარსელონის და ვარშავის მიმართულებით

„უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, დამატებით, კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება, ბარსელონისა და ვარშავის მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც, ეტაპობრივად განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესს. დღეისათვის უკვე საქართველოს 5000-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში ჩვენი ხელშეწყობით და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება - არსებული წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. 

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა ორი ახალი მიმართულების დანიშვნა: 24 აპრილი: თბილისი-ბარსელონა-თბილისი და 
27 აპრილი: თბილისი-ვარშავა-თბილისი.

მინისტრის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უშუალო კოორდინაციით, უკვე განხორციელდა რამდენიმე რეისი ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ თანამშრომლობით და მიმდინარეობს მუშაობა მოქალაქეების შემდგომ, ეტაპობრივ გამოყვანაზე.

მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა  უახლოესი ფრენების განრიგი:

7 აპრილი: თბილისი-ათენი-თბილისი
10 აპრილი: თბილისი-ლარნაკა-თბილისი
12 აპრილი: თბილისი-ბერლინი-თბილისი
14 აპრილი: თბილისი-ამსტერდამი-თბილისი
16 აპრილი: თბილისი-პარიზი-თბილისი
18 აპრილი: თბილისი-თელ-ავივი-თბილისი
21 აპრილი: თბილისი-რომი-თბილისი

აღნიშნულ რეისებზე ბილეთების რეალიზაცია მოხდება ფრენის გაცხადებულ თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე. რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროთი.

მთავრობის აქტიური მუშაობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.