საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ და გენერალური საკონსულოს თანამშრომლებმა, რიზეს რეგიონის დაბა ფინდიკლიში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საშუალებები და საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები გადასცეს;

გენერალურმა საკონსულომ აგრეთვე უზრუნველყო ინსულტით დაავადებული საქართველოს მოქალაქისთვის ქ. გირესუნში რეანომობილის დაქირავება და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე მისი უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;

ამასთან, აღსანიშნავია,რომ მ/წლის 27 მარტიდან დღემდე, გენერალურმა საკონსულომ სხვადასხვა სახის დახმარება (საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე ტრანსპორტირება, სამართლებრივი და ტექნიკური) გაუწია საქართველოს ხუთასზე მეტ მოქალაქეს;

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა საკონსულო ოლქის ფარგლებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მათ პერიოდულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას ქვეყანაში მიღებული რეგულაციების შესახებ.

2020 წლის 11 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,879 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10,560 მოქალაქე.