სერბეთში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა

24.02.2020 სერბეთი - სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში  მიმდინარე ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ბალკანეთის რეგიონის ტურისტული ოპერატორების და მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ - "Georgia - Travel Destination”. 
 
ღონისძიება გახსნა სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ილია კობერიძემ. პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ღვინის, სამზარეულოსა და  ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ. 
 
ღონისძიების შემდეგ სერბეთში საქართველოს საელჩოს ოფისის სახელით გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. 
 
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ტურისტული და ღვინის საერთაშორისო გამოფენა ბელგრადში 20-23 თებერვალს ჩატარდა. მასში 40 ქვეყნის 900-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გამოფენაზე პირველად იყვნენ წარმოდგენილი საქართველოდან ღვინისა და ტურისტული კომპანიები.
 
ქართული კუთხე სხვა დამთვალიერებლებთან ერთად ასევე მოინახულეს ბელგრადში მყოფმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და სერბეთის შრომის, დასაქმების, ვეტერანებისა და სოციალური საკითხების მინისტრმა, ზორან ჯორჯევიჩმა.