სუამ-ის ქვეყნების კოორდინატორებმა პანდემიის კრიზისის შემდგომ პერიოდში წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

2020 წლის 12 მაისს გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების წარმომადგენელთა შეხვედრა, ვიდეო კონფერენციის რეჟიმში.
 
ონლაინ შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ახალი კორონავირუსის ფონზე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებსა და ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე.
 
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა კრიზისის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის ამოქმედებაზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით სუამ-ის ფარგლებში წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერების აუცილებლობას.
 
ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, არსებულ ვითარებაში, საბაჟო უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობა, რის შედეგადაც წევრ ქვეყნებს შორის სატრანზიტო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
 
ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის პოლიტიკურ, დარგობრივ და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში.