თბილისი ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონულ ამბასადორიალს უმასპინძლებს

27-29 თებერვალს, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.

ელჩების კონფერენციაში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე  ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, ამბასადორიალის მონაწილეები, EUMM-ის მისიასთან ერთად ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

ამბასადორიალს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. საკუთარ გამოსვლაში, მინისტრი ისაუბრებს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს გააცნობს.

ღონისძიების ფარგლებში, 27 თებერვალს ასევე გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ავსტრიული მხრიდან - ორმხრივი ურთიერთობების სექციის გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი.

აღსანიშნავია, რომ  თბილისი უკვე მეორე რეგიონულ ამბასადორიალს მასპინძლობს, საფრანგეთისა და გერმანიის შემდეგ. თბილისში მსგავსი ღონისძიების ჩატარება საქართველოსა და ევროპას შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობასა და პარტნიორულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.