თეიმურაზ ჯანჯალია ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

2022 წლის 23 ნოემბერს, ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ლიის ლიპრე-იარმასთან (Liis Lipre-Järma).
 
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ესტონურ მხარესთან სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აუცილებლობას, მათ შორის, რეგულარული მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.
 
საუბრისას, განხილულ იქნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები. თეიმურაზ ჯანჯალიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოს მხრიდან როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარე პროცესზე. აქცენტი გაკეთდა ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.
 
შეხვედრაზე გაიცვალა მოსაზრებები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ჰუმანიტარული კუთხით გაწეული დახმარების შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას დღეს არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ევროპელი პარტნიორების დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების მნიშვნელობა.
 
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, თავის მხრივ, დაადასტურა ესტონეთის მტკიცე და შეუქცევადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით.