თეიმურაზ ჯანჯალია ფინეთის ელჩს შეხვდა

2021 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, კირსტი ნარინენთან (რეზიდენციით ჰელსინკი).

გაცნობითი სახის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს  როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. 

მხარეებმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკის, თავდაცვისა და კიბერ უსაფრთხოების სფეროში. აღინიშნა  ახლო მომავალში მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის საკითხი, პოლიტიკური დიალოგის რეგულარულად წარმართვის საჭიროება, თანამშრომლობის მეტად განვითარება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და დეზინფორმაციის კუთხით გამოცდილების ურთიერთგაცვლა. ყურადღება გამახვილდა, ასევე, ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ფინეთის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, მათ შორის, დარგობრივი ინტეგრაციისა და 2024 წლისთვის საქართველოს მიერ ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენის თაობაზე; საუბარი შეეხო, აგრეთვე, ასოცირებული ტრიოს შექმნის მიზანსა და სამოქმედო გეგმებს. თეიმურაზ ჯანჯალიამ  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული მხარის მოლოდინებზე დეკემბრის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე და ფინური მხარის პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამ კონტექსტში. 

მინისტრის მოადგილემ მადლიერებით აღნიშნა, ასევე, ფინური მხარის ფართო ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც არსებით როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში რუსული ოკუპაციისა და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე მუდმივი საფრთხეების ფონზე.

ელჩმა კირსტი ნარინენმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ფინეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ისაუბრა დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე საქართველოს მტკიცე თანადგომაზე. 

კირსტი ნარინენმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულ მხარეს ავღანეთიდან განხორციელებული საერთაშორისო საევაკუაციო ოპერაციის დროს იმ ფართო და ღირებული ჩართულობისთვის,  რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა ფინეთის მოქალაქეებისა და ფინეთის დაცვის ქვეშ მყოფი ავღანელების მშვიდობიანი ევაკუაცია თბილისის აეროპორტის გამოყენებით. ელჩმა აღნიშნა, რომ ევაკუაციის პროცესში საქართველოსა და ფინეთის ხელისუფლებებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითოა და წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების დასტურს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2022 წელს საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ერთობლივად აღნიშვნის მნიშვნელობას.