თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

2022 წლის 31 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა ლატვიის პარლამენტის (საეიმას) დელეგაციას, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლობა გადაუხადა ლატვიელ პარლამენტარებს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და მის შემდგომ პროცედურებზე, ხაზი გაესვა სამივე ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში ევროკავშირის და პარტნიორი სახელმწიფოების განგრძობითი მხარდაჭერის აუცილებლობას, რაც სათანადო პასუხი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ასოცირებული ტრიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველო დგას.

მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის ფონზე არსებული ვითარება. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სოლიდარობას უკრაინის მიმართ და დაადასტურა საქართველოს მზაობა განაგრძოს უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და აღნიშნულ პროცესებში საქართველოს როლი და მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, რაც უკავშირდება რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მხრიდან.

თეიმურაზ ჯანჯალიამ ლატვიურ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას.

ულდის ბუდრიკისმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართულებით.