თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით ჩეხ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

„ჩვენი ქვეყნების ორმხრივი მისწრაფება პარტნიორობის გაღრმავებისკენ, საერთო ღირებულებებთან ერთად, არის ის ურყევი საფუძველი, რომელზეც დამყარებულია საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობები. ჩეხეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.“- აღნიშნა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჩეხეთსა და საქართველოს  შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და  სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე. 

თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიასა და  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გარემოზე. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა. 

ამასთან, საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად პროცესზე, ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების  ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას.