თეიმურაზ ჯანჯალიამ ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2022 წლის 28 ნოემბერს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, ვირტუალურ რეჟიმში   მონაწილეობა მიიღო    ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ფორუმში (Accession Exchange Forum),  რომელიც ქ. კიევში  გაიმართა.

ფორუმი ორგანიზებული იყო უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე პრემიერ-მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.  მასში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ინსტიტუციების, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ოფიციალური პირების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მინისტრის მოადგილემ, თავისი გამოსვლისას  სესიაზე - ,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, პოტენციური კანდიდატის სტატუსი საქართველოს: წევრობის გზა’’ (EU candidate status for Ukraine and Moldova and potential candidate for Georgia: the road to membership) აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური გარემოების გათვალისწინებით,  მნიშვნელოვანია  ევროკავშირის  ახალი მიდგომებისა და  ახალი ხედვის ჩამოყალიბება. 

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობისა და მხარდაჭერის აუცილებლობას. თეიმურაზ ჯანჯალიამ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევადობაზე და აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ევროკავშირთან ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და ქვეყანას ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში მეტი ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პროგრესს გაწევრიანების გზაზე და პრაქტიკულად მოამზადებს მას ამ მიზნისთვის. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ისეთ პრიორიტეტებს, როგორებიცაა საქართველოს გაწევრიანება ევროს გადახდის ერთიან სისტემასა და როუმინგის სივრცეში; ევროკავშირთან დაკავშირებადობის განვითარება ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ციფრულ სფეროებში.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზეც და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის როლს ჰიბრიდული საფრთხეებისადმი ქვეყნის მედეგობის გაძლიერების კუთხით.