თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო ტალინის მე-8 ყოველწლიურ კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება და აღმოსავლეთის პარტნიორობა: ევროპის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა“

2022 წლის 23 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი მიძღვნილ, ტალინის მე-8 ყოველწლიურ კონფერენციაში  - „ევროკავშირის გაფართოება და აღმოსავლეთის პარტნიორობა: ევროპის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა“. ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა.
 
კონფერენციის გახსნით ნაწილში გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის მხრიდან ახალი მიდგომების, ახალი ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობა,  რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური გარემოების გათვალისწინებით. თ. ჯანჯალიამ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევადობაზე და აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ევროკავშირთან ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა და ქვეყანას ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.
მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. მინისტრის მოადგილემ მოკლედ მიმოიხილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი და ხაზი გაუსვა ევროკავშირში ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის მოსახლეობას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის. თ. ჯანჯალიამ აღნიშნა, რომ   „აღმოსავლეთ პარტნიორობა “ პოზიტიურ როლს ასრულებს  პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაში,  მათი ინდივიდუალური ინტერესებისა და მზადყოფნის შესაბამისად.   იქვე, ხაზი გაუსვა, რომ  ახალი რეალობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია  ინიციატივის გადახედვა. 
თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, ინიციატივა უნდა იყოს უფრო მოქნილი, კონკრეტულ შედეგებზე ორიეტირებული და ეფუძნებოდეს დიფერენცირებულ მიდგომას.   ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის როლზე, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს ეკონომიკური განვითარებისთვის. მან ისაუბრა საქართველოსთვის შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გამოჰყო ევროკავშირთან დაკავშირებადობის, ენერგოუსაფრთხოებისა და სატრანსპორტო, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულობა. ამ კონტექსტში, აქცენტები გაკეთდა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე და ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზე.