თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ მარკ დემესმაეკერთან და დელეგაციის წევრებთან

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და ბელგიელმა კანონმდებლებმა კმაყოფილება გამოხატეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობით და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. მინისტრის მოადგილემ კმაყოფილებით აღნიშნა, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის განხორციელებული მაღალი დონის შეხვედრები და მიესალმა ვიზიტების გააქტიურების ტენდენციას.
 
ბელგიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია  საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარე პროცესზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შედეგებზე და კონკრეტულ ინიციატივებზე. ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ქვეყნების მიმართ ერთიანი მიდგომის მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
 
ამასთან, მეგობრობის ჯგუფის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პრიორიტეტულობაზე, რასაც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობა.  
 
თეიმურაზ ჯანჯალიამ ბელგიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გაუზიარა  ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. ყურადღება გაამახვილა  მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ძალისხმევაზე. სენატორმა მარკ დემესმაეკერმა ხაზგასმით აღნიშნა ბელგიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.