თეიმურაზ ჯანჯალიას ლატვიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ ლატვიის რესპუბლიკის დანიშნული ელჩი ედიტე მედნე მიიღო. ლატვიელმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
 
თეიმურაზ ჯანჯალიამ ლატვიის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 
შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი. ყურადღება გამახვილდა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე. თანამშრომლობის ახალი პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთის კუთხით, ხაზი გაესვა სხვადასხვა დონეზე და ფორმატში უფრო მეტ კომუნიკაციას და ჩართულობას. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს. 
 
საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრისას, თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმების შეუქცევადობას და ლატვიელ დიპლომატს გააცნო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხრიდან როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებული პროგრესი. რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოსა და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
 
ედიტე მედნემ ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და გამოხატა მზაობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების თაობაზე.