თურქეთში საქართველოს ელჩი და სტამბოლში გენერალური კონსული სტამბოლის მერს შეხვდნენ

3.02.2020 თურქეთი - საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ შეხვედრა გამართეს ქ. სტამბოლის მერთან, ექრემ იმამოღლუსთან. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ 2016 წელს თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანასა და ქალაქებს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ხსენებული მემორანდუმი ხელს უწყობს ამ ურთიერთობების განვითარებას.

ამასთან, მხარეების მიერ დაისახა კონკრეტული ნაბიჯები, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით და იმედი გამოითქვა, რომ ორი ქვეყნის ქალაქებს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული დაძმობილების შესახებ მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ადგილობრივი მმართველობის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, გამწვანების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე, სპორტის სფეროებში. ხელს უწყობენ მდგრად და მშვიდობიან განვითარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.