თურქმენეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენა-კონფერენციაში

19.02.2020 თურქმენეთი - თურქმენეთში საქართველოს საელჩომ, მონაწილეობა მიიღო ,,თურქმენეთის დიპლომატიურ მოსამსახურეთა დღის’’ აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით: ,,ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და მშვიდობის კულტურა’’.

კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზებული იქნა გამოფენა, რომელზეც საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე მოეწყო საქართველოს სტენდი. აქვე გამოფენილი იქნა: საქართველოს, მისი ისტორიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ ფოტო და ბეჭდური მასალა, ქართული ღვინო, მინერალური წყლები, ტკბილეული და სუვენირები.
საქართველოს სტენდმა განსაკუთრებული დაინტერესება ჰპოვა დამსწრეთა შორის. ქართული კუთხე მოინახულეს: თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა, ასევე სამთავრობო უწყებებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.