უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მორიგი ონლაინ კონსულტაცია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი ონლაინ კონსულტაცია გაიმართა. 

2020 წლის 14 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდა ექიმ ინფექციონისტების, მარიამ ჭყონიას და ნინო ტავლალაშვილის პირდაპირი ჩართვა, რომლებმაც 1 საათის განმავლობაში ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ ასევე უპასუხეს მაყურებლის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდგომ მოქალაქეთა მხრიდან პრევენციის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს.

მარიამ ჭყონია, ექიმი ინფექციონისტი, ამჟამად მუშაობს ინფექციური სნეულებების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში (თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში). 2018 წლიდან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიის ფარგლებში, ის მუშაობდა შლეზვიგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილებაში.

ნინო ტავლალაშვილი არის ექიმი ინფექციურ საავადმყოფოში. მას გავლილი აქვს კურსი მიკრობიოლოგიისა და ინფექციური სნულებების მიმართულებით ჩესტერის უნივერისტეტში (დიდი ბრიტანეთი).

საკორიდნაციო საბჭოს მითითებით და საქარველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის დღემდე გაიმართა 11 ონლაინ კონსულტაცია კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე.