უკრაინა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას უმაღლეს შეფასებას აძლევს

 
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების აღსანიშნავად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავმდჯომარეობა უპრეცედენტო გამოწვევის დროს, COVID-19–ის პერიოდში განხორციელდა, რომელიც ევროპის საბჭოს მუშაობაში ინოვაციურ მიდგომებსა და ფორმატებს მოითხოვდა.

“ამ მნიშვნელოვან პერიოდში საქართველოს თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოს საქმიანობას  წარმატებით გაუძღვა, რაც ქართული დიპლომატიის დიდი მიღწევაა”-აღნიშნულია წერილში.

წერილის თანახმად, უკრაინა განსაკუთრებით აფასებს მწვავე პრობლემისადმი - რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, და უკრანიელი ხალხის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმდინარე დარღვევისადმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირად ყურადღებას.
კიევი მადლიერებას გამოხატავს და მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარის რანგში, დავით ზალკალიანის განცხადებას რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის მცდელობის მე–6 წლისთავთან დაკავშირებით.

წერილის თანამხად, უკრაინა აფასებს საქართველოს აქტიურ როლს ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული „ბალტიის პლიუს ჯგუფის“ ქვეყნების (Baltic Plus countries) კოორდინირების საკითხში, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამხად, უკრაინა საქართველოსთან აქტიური და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის განვითარების ერთგული რჩება.