უნგრეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვთა დასახმარებელ საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში

29.11.2017 ქ. ბუდაპეშტი - უნგრეთში საქართველოს საელჩომ უნგრეთის პრეზიდენტის მეუღლის ანიტა ჰერცეგის პატრონაჟით გამართულ ყოველწლიურ საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. 

ბაზრობაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ბუდაპეშტში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ადგილობრივი კომპანიები, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართულ კუთხეში წარმოდგენილი ტრადიციული ტკბილეული და ღვინო. 

შემოსული თანხა სრულად მოხმარდება  ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვთა მკურნალობას. ამ მიზნით თანხა გადაერიცხა ბუდაპეშტის ჰაიმ პალის ბავშვთა საავადყოფოს, ბუდაპეშტის სენტ იშტვანის საუნივერისტეტო კლინიკის ბავშვთა ჰემატოლოგიისა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის განყოფილებას, ესტერგომის ბოშა ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამას და ბუდაპეშტის შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლებისა და განვითარების ინსტიტუტს.
 
ყოველწლიური საშობაო ბაზრობა უნგრეთში მოქმედი დიპლომატების მეუღლეების კლუბის (DSB) ორგანიზებითა და უნგრეთის პრეზიდენტის მეუღლის ანიტა ჰერცეგის პატრონაჟით,  ბუდაპეშტში მდებარე სასტუმრო „InterContinental”-ის სამეჯლისო  დარბაზში ჩატარდა.