ვახტანგ მახარობლიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ესტონეთის ელჩს შეხვდა

2020 წლის 23 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა ესტონეთის ელჩთან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორთან გერტ ანცუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის არსებული დინამიკა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ესტონეთის დელეგაციას დეტალურად გააცნო საქართველოს ხედვა და პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მომავალთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო 2021 წელს პორტუგალიის თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფიზიკურ სამიტს და მის პოლიტიკურ და შინაარსობრივ მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ სამიტზე უნდა მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნების დამტკიცება და პოლიტიკური დეკლარაციის მიღება, რომელზე მუშაობაც მომავალი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ საკითხებზე მუშაობას მჭიდრო კოორდინაციის პირობებში.