ვახტანგ მახარობლიშვილი ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, ჯონ მანზას შეხვდა

19 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ვიდეო-კონფერენციის საშუალებით მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჯონ მანზასთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ელჩი ბეტინა კადენბახი, ნატო-ს თავდაცვის ინსტიტუტებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორატის დირექტორი მარკ დი პაოლო, ხოლო ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ირაკლი ჭიჭინაძე და ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე.

მხარეების მიერ აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, საქართველო და ნატო განაგრძობენ აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მთელ რიგ აქტუალურ საკითხებზე და ამგვარი აქტიური თანამშრომლობა მიუთითებს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე.

მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების პროცესი, შავი ზღვის უსაფრთხოება, მიმდინარე სამხედრო ოპერაციები, რეგიონალური უსაფრთხოების აქტუალური თემები და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.