ვახტანგ მახარობლიშვილი სიტყვით გამოვიდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) ონლაინ კონფერენციაზე

2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სიტყვით გამოვიდა  თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) ონლაინ კონფერენციაზე „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“.

ღონისძიება მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებს ევროპული უსაფრთხოების სისტემის დესტაბილიზაციის კუთხით.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრიტანული და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ვრცლად ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის გრძელვადიან მძიმე მემკვიდრეობაზე, რომელიც 12 წლის შემდეგაც სერიოზულ ზიანს აყენებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას და საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოებას. მინისტრის პირველმა მოადგილემ  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში შემოჭრისა და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ყირიმის რეგიონის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში წამოწყებული ჰიბრიდული ომი დესტაბილიზაციის სერიოზულ კერას ქმნის ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე. ამ ფონზე ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, კი ევროკავშირისა და ნატოს ქმედითი და სტრატეგიული ჩართულობის აუცილებლობას შავი ზღვის რეგიონში და მთელ ევროატლანტიკურ  სივრცეში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანულ და საერთაშორისო აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს რუსეთის გახშირებულ პროვოკაციებსა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებზე. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტა, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის შერიგება და ნდობის აღდგენა. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, საქართველოს ინტერესშია შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და განვითარების არეალად ქცევა, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების კიდევ უფრო აქტიური და პრინციპული ჩართულობა.
მინისტრის პირველი მოადგილის მთავარი მოხსნების შემდეგ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უსაფრთხოების საერთაშორისო კვლევების დირექტორი ნილ მელვინი; აგრეთვე რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი. პანელისტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ყირიმის უკანონო ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომთან ერთად, სერიოზულ ზიანს აყენებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივას. მოხსენებების შემდეგ პანელისტებმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.