ვახტანგ მახარობლიშვილმა და ლოურენს მერედიტმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს

2020 წლის 7 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტელევიდეო-კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა  ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის, აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის ხელმძღვანელთან ლოურენს მერედიტთან და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსთან რიჩარდ ტიბელსთან.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის, საუბარი შეეხო ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რეკომენდაციას უწევს 14 სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოსთან სამგზავრო შეზღუდვების მოხსნას. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს და აღიარებს ქვეყნის მიერ ვირუსის ეფექტიანი შეკავების პროცესში გაწეულ წარმატებულ ძალისხმევას.
 
მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან ორმხრივ კონსულტაციებს მიმოსვლის აღდგენისთვის შესაბამისი  პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად.
 
შეხვედრისას მხარეებმა შეაჯამეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ივნისში ტელევიდეო-კონფერენციის ფორმატში გამართული მაღალი დონის შეხვედრების შედეგები და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ თანამშრომლობას 2021 წლის მარტში დაგეგმილი სამიტისთვის მოსამზადებლად. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა 2020 წლის შემდგომი მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების დოკუმენტსა და სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტზე მუშაობის დროულად დაწყების მნიშვნელობას.
 
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალ დღის წესრიგსა და ევროკავშირის დახმარების მომავალ ერთიან ჩარჩო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები და აღინიშნა, რომ ორივე დოკუმენტზე აქტიური მოლაპარაკებები 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყება.