ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ანალიტიკური და კვლევითი ცენტრის ექსპერტებთან

26.07.2018  ქ. ვაშინგტონი-  შეხვედრაზე საუბარი შეეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკული ანალიტიკური და კვლევითი ცენტრის წარმომაგდენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
 
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს რაც საქრთველომ განიცადა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს ბრიუსელის სამიტს და მის შედეგებს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს შემდგომი თანამრომლობის პრაქტიკულ მიმართულებებს. ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები ალიანსში ინტეგრაციის პროცესსი საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე.  
 
კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.
 
დავით ზალკალიანმა ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე.
 
საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აშშ-სა და სხვა ევროპელი პარტნიორების ჩართულობისა და მხარადჭერის მნიშვნელობას.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს სტუმრობს, სადაც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება. ​