ვლადიმერ კონსტანტინიდიმ რუმინელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

2022 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, რუმინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე ისაუბრა. 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრობა და შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად ძლიერდება. წელს  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს აღვნიშნავთ. ამ ხნის განმავლობაში  ჩვენ მნიშვნელოვნად გავამყარეთ ორმხრივი კავშირები, რაც  რეგულარული პოლიტიკური დიალოგით, ვიზიტების გაცვლითა და მაღალი დონის შეხვედრებით გამოიხატება. პოლიტიკურ ურთიერთობებთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაჭრობის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში,“ - განაცხადა კონსტანტინიდიმ. 
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი და საქართველო, როგორც შავი ზღვის ორი ქვეყანა, მზად არიან გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დაკავშირებადობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესი  ერთობლივი პროექტების შემუშავების გზით. 
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ისაუბრა საქართველოსთვის რუმინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც. 
„საქართველოსა და რუმინეთს აქვთ საერთო ხედვა რეგიონალური უსაფრთხოების დაცვის შესახებ, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ რუმინეთის მუდმივ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.