ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ აბაშიძის ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში

2020 წლის 23-25 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ბატონი ზურაბ აბაშიძე ვიზიტით ეწვია ყირგიზეთის რესპუბლიკას.

ა.წ. 24 თებერვალს მან გამართა შეხვედრა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ ჩინგიზ აიდარბეკოვთან. საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. 

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტიური პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ურთიერთპატივისცემის პრინციპებსა და ხალხთა შორის მეგობრობის ტრადიციებს ემყარება. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის  განმტკიცებას მნიშვნელობას.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის 2019 წელს  დაფიქსირებული სავაჭრო ბრუნვის ზრდა. აღინიშნა, რომ არსებობს სოლიდური პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2020 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებების გეგმა. განსაკუთრებული ყურადღება  დაეთმო უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ ამ მიმართულებით. 

გარდა ამისა, განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას.

ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ.

ამავე დღეს, საქართველოს ელჩი შეხვდა ყირგიზეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს მარატ შარშეკეევს. საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურისტული ოპერატორების გაცვლითი ვიზიტების ორგანიზების საკითხზე. ასევე ხაზი გაესვა ბიზნეს ფორუმის ჩატარების აუცილებლობას.