ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

2023 წლის 16 იანვარს, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, მალიკ მურზალინმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ელჩს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა, გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები; განიხილეს საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი; ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე;  ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2022 წლის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში. მინისტრის მოადგილემ ელჩს გაუზიარა ინფორმაცია გასულ წელს საქართველოს ინიციატივების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისა და, შედეგად, თანამშრომლობის დამატებითი შესაძლებლობების შესახებ.

ასევე, მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებაზე და რეგიონში არსებულ სირთულეებზე. შეხვედრის დასასრულს ელჩმა აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.