Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, მისასალმებელი სიტყვა ნიუ-იორკში უცხოელ კონსულთა საზოგადოების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

პატივცემულო სტუმრებო, კოლეგებო, დიასპორის წევრებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია, და ამავე დროს გულწრფელი სიამოვნებაცაა დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა ნიუ-იორკში - ამ სიცოცხლით სავსე ქალაქში. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს საღამოს ჩვენთან ერთად გატარებისთვის. თქვენი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მზაობა ხელი შევუწყოთ გლობალურ დონეზე თანამშრომლობის განვითარებას და აღვნიშნოთ ის უდიდესი როლი, რომელსაც დიასპორული თემები ასრულებენ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვამაყობ, რომ ნიუ-იორკში ჩვენი საკონსულო წარმომადგენლობა ამ ისტორიული თემის ნაწილია. ჩემი ქვეყნისთვის ასევე უდიდესი პატივია ის, რომ საქართველოს გენერალური კონსული, მაია ბართაია, ნიუ-იორკის უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტია. მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ამ ორგანიზაციის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

ასი წლის განმავლობაში ეს საზოგადოება საერთაშორისო დიალოგის უმნიშვნელოვანესი საყრდენის ფუნქციას ასრულებდა. ის ხელს უწყობდა ურთიერთგაგებას, კულტურულ გაცვლას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას -სწორედ აქ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და დინამიურ ქალაქში.

ჩვენ მოწოდებული ვართ უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საზოგადოება კიდევ უფრო გაძლიერდეს, და მან უფრო დინამიურად და ეფექტიანად განაგრძოს თავისი მისიის შესრულება. ამ მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღის აღნიშვნისას, მნიშვნელოვანია  იმაზეც დავფიქრდეთ, თუ რა როლს ასრულებს დიასპორასთან ურთიერთობა გლობალური კავშირების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილად ვაქციეთ. ჩვენი დიასპორა ჩვენი ისტორიისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია  და, ამავდროულად,  ის წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ჩვენს ქვეყანაში  ინოვაციების, ცოდნისა და განვითარების ხელშესაწყობად. ვამაყობთ, რომ საქართველო გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის (GDPA) დამფუძნებელი წევრია და 2024 წლიდან, ირლანდიასთან ერთად, ალიანსის სამეთვალყურეო კომიტეტის თანა-თავმჯდომარეა. ეს მართლაც რომ უნიკალური ინიციატივაა, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უამრავი ქვეყანა გაერთიანდა დიასპორასთან ურთიერთობისთვის ერთიანი გლობალური სტრატეგიის შესამუშავებლად.

გლობალური დიასპორული პოლიტიკის ალიანსის ფარგლებში ჩვენი საქმიანობა არა მხოლოდ სტრატეგიულ პრიორიტეტს ასახავს, არამედ წარმოადგენს იმ ტრანსფორმაციული როლის აღიარებას, რომელსაც დიასპორები ასრულებენ ინკლუზიური და მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში.  

ამ საერთო ხედვასა და ვალდებულებაზე დაყრდნობით, ვსარგებლობ შესაძლებლობით და, დიდი სიამაყითა და გულწრფელი მადლიერებით ვადასტურებ, რომ საქართველოსთვის პატივია 2026 წელს GDPA-ის საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა. ჩვენ პატივი გვერგო ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც თავს მოუყრის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, დიასპორული თემების წევრებსა და სხვა დაინტერესებული მხარეებს.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ - დროის დათმობისთვის, ჩართულობისა და იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმისადმი ერთგულებისთვის, რომელსაც ერთად ვასრულებთ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას გამოცდილების გასაზიარებლად შესანიშნავი პლატფორმის უზრუნველყოფისთვის. ჩემი მადლიერების სიტყვები ეკუთვნის ასევე ნიუ-იორკს. ჩვენ მადლობელი ვართ ამ ქალაქის,  რომელიც სტუმართმოყვარეობით ხვდება არა მხოლოდ დიპლომატიურ კორპუსს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხს, მათ შორის ქართველებს, და მათ თავიანთი ოცნებებისა და მისწრაფებების რეალიზებაში ეხმარება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული დიასპორის წევრებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან.

მადლობა, რომ აქ იმყოფებით.