საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანთან ფერნანდო სამპედროსთან და საგარეო და გლობალურ საკითხებში სახელმწიფო მდივანთან დიეგო მარტინეს ბელიოსთან.
შეხვედრებზე მინისტრის მოადგილემ განიხილა საქართველოს საგარეო პრიორიტეტები მრავალმხრივი და ორმხრივი მიმართულებით, როგორც ევროინტეგრაციის, ისე ესპანეთთან ურთიერთობების კონტექსტში.
ორივე მხრიდან ხაზი გაესვა მაღალ ნიშნულზე არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას და არსებული დინამიკის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაციის მზადყოფნას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით. მინისტრის მოადგილემ ესპანელ კოლეგებს გააცნო არსებული მდგომარეობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესის კუთხით და განიხილა ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტად ეფექტიანი შედეგების მიღწევის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
ესპანეთის მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ თავისი ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე განიხილეს გზები და საშუალებები რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ეფექტური და კოორდინირებული ქმედებების განსახორციელებლად.