ელჩების კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა თემატური მიმართულების შესახებ, რამდენიმე პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო. თავდაცვის და უსაფრთხოების შესახებ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვიცე პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დისკუსიის გახსნისას აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მან კოლეგებს ელჩების კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, მმართველი გუნდის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პანელური დისკუსიის ფორმატში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პოლიტიკას. თეა ახვლედიანის თქმით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით ხორციელდება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის 2021-30 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება უკვე მეოთხე წელია, პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს.
ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის უზრუნველყოფის საქმეში, შერიგების პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.