2024 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ილია დარჩიაშვილმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და უნგრელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს ძლიერი მეგობრული კავშირები აკავშირებს და იზიარებენ პარტნიორობის გაღრმავების ორმხრივ მისწრაფებას. მინისტრის თქმით, ბოლო წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაღალი დონის დიალოგის კუთხით, რომელიც 2022 წელს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა და ამით კიდევ უფრო გამყარდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის უკვე ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის გამოსავლენად, მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, უნგრეთი ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხურვალე მხარდამჭერი, რასაც საქართველოს მთავრობა აფასებს.
“ნება მომეცით მივესალმო უნგრეთის ძალისხმევას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად, განსაკუთრებით ევროპისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ გვჯერა, რომ უნგრეთის პრეზიდენტობა ხელს შეუწყობს ჭეშმარიტად ძლიერი ევროპის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ასევე, უნდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება საქართველოს ევროპული მომავლისადმი თქვენი ხანგრძლივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის და მისი მუდმივი ძალისხმევისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვან პარტნიორად რეგიონში. ჩვენი მთავარი მიზანია, გავაძლიეროთ და გავაფართოვოთ რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარება და თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან ერთადნ სრულად გამოვიყენოთ პოტენციალი შავ ზღვაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული კომუნიკაციების განვითარებისთვის“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ ხალხს წარმატებები, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.