საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის კოორდინაცია.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია;
გ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
დ) დიპლომატიური ურთიერთობების სფეროში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ანალიზის საფუძველზე დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინადადებების მომზადება, აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, მათი გაუქმების ან ახალი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების მიზნით;
ე) სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამის უწყებებში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია;
ვ) მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელების კოორდინაცია;
ზ) სამინისტროს სისტემაში შემუშავებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე, აგრეთვე სამინისტროში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსულ პროექტებზე დასკვნების მომზადება;
თ) საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ი) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა;
კ) სამინისტროს საკანონმდებლო აქტების საქართველოს პარლამენტში წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია;
ლ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ წარმოდგენილი რატიფიკაციას დაქვემდებარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების და მათთან დაკავშირებული სათანადო მასალების საქართველოს პარლამენტში წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია;
მ) საქართველოს მთავრობის სხდომებზე სამინისტროს მიერ წარსადგენ საკითხთა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე სამინისტროს ერთიანი პოზიციის შემუშავებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ ღონისძიებათა კოორდინაცია;
ნ) შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ო) სამინისტროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
ბ) შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვოს საჭირო სახის ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად;
გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია, სამინისტროს საქმიანობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე.
Head of Department